ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემაა და ამას ღიად ვამბობ - ნინო ლომჯარია

13:21 05-27-2019
31

რამდენად მწვავედ დგას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალური მენტალიტეტის გაძლიერების პრობლემა - ეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშს უსმენენ.

ნინო ლომჯარიას კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დაუსვა.

მან დასაბუთებისთვის წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის10 მაისს დასკვნა დაასახელა , რომლის მიხედვით ციხეებში ვითარება შემაშფოთებელია, პატიმრები არასათანადო პირობებში იხდიან სასჯელს და მათი ნაწილი პრივილეგირებულია. ოპოზიციის შეფასებით ეს „შევარდნაძის პერიოდის სურათს გავს, როდესაც ციხე შიგნიდან, კრიმინალური ავტორიტეტების მიერ კონტროლდებოდა“.

საპასუხოდ სახალხო დამცველი ამბობს, რომ პრობლემა რეალურად დგას. „მე ამაზე წარსულშიც არაერთხელ მისაუბრია. პრობლემა დგას და ამას ღიად ვამბობ, თუმცა არის ისეთი საკითხებიც რაზეც ხშირად ხმამაღლა საუბარი შეუძლებელია. ეს მაშინ როცა არ არსებობს პატიმრის თანხმობა ზეწოლაზე ვისაუბროთ. ჩვენ არ გვინდა წავახალისოთ ჩაგვრა და გარჩევები, ამასთან გვჭირდება მათთან სანდო კომუნიკაციის შენარჩუნება ინფორმაციის მისაღებად. როდესაც ციხეში შედიხარ იგრძნობა ვინ არის პრივილეგირებული მათი ქცევით და კომუნიკაციით, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი