ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაცია 17 წლის გოგონას დაღუპვაზე პასუხისმგებლობას იხსნის

12:49 05-27-2019
6359

ლაგოდეხში, ნინოსხევში დაღუპული გოგო, ჩანჩქერში არ ჩავარდნილა, ის ბანაობის დროს წყალმა გაიტაცა. ამის შესახებ „პარაიმტაიმს“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა.

„ასეთ ვითარებაში ბანაობა მითუმეტეს არ შეიძლებოდა, მაგრამ ოთხი კილომეტრის დაშორებით, სადაც კომუნიკაციის შესაძლებლობა არ არის, მოსწავლეებს ვერავინ გააკონტროლებდა“, - ამბობს სულამანიძე.

ამას გარდა, მისი განმარტებით, ამ ექსკურსიის შესახებ ადმინისტრაცია წინასწარ არავის გაუფრთხილებია. ინფორმაცია მხოლოდ ჯგუფის რეინჯერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მისივე ინფორმაციით, სკოლის საექსკურსიო ჯგუფი ჩანჩქერისკენ თვითნებურად გაემგზავრა და ჯგუფს გიდი საერთოდ არ ჰყოლია. მათ მხოლოდ ექიმი და სამი მასწავლებელი ახლდათ.

სულამანიძის განცხადებით, სოფელ გურგენიანიდან შესულ ჯგუფს ბილიკზე რეინჯერი შეხვდა და აუხსნა, რომ ოთხი კილომეტრის ზემოთ ასვლა საფრთხეს შეიცავდა.

„სამწუხაროდ რეინჯერს ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვა და გამოძევება არ შეუძლია და მოსწავლეებმა და თანმხლებმა პირებმა გზა გააგრძელეს“,- თქვა სულამანიძემ და დასძინა, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და მიაჩნია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტომ საკუთარი მოვალეობები ზუსტად შეასრულა.

ადმინისტრაციაში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, რომ ჩანჩქერზე საექსკურსიო ჯგუფის მხოლოდ ნაწილი იმყოფებოდა. ნაწილი კი გზიდანვე გაბრუნდა უკან.

26 მაისს, 17 წლის გოგო, რომელიც ექსკურსიაზე იყო, ნინოსხევში მდინარის დინებამ გაიტაცა. მოზარდს დაახლოებით 14 საათი ეძებდნენ.

ძებნის ოპერაციაში დღეს დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი