ჩემი გათავისუფლება მედიით შევიტყვე - დღეს გადაყენებული მინისტრის პირველი კომენტარი

21:33 05-26-2019
1011

„თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით გავიგე , მე მანამდე ვესაუბრე თორნიკე რიჟვაძეს, სანამ განცხადება გაკეთდებოდა, მერე კომუნიკაცია არ მქონია“, - ამის შესახებ დღეს გადაყენებულმა მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, რუსეთის დროშებით მსვლელობის შესახებ მან არაფერი იცოდა.

„მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. ეგ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი, დღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ მე არ ვიცოდი რუსეთის დროშების შესახებ, თუმცა ეს პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ მიხსნის“, - ამბობს ინგა შამილიშვილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, მან ბათუმში  რუსული დროშების ფრიალი აპოლიტიკურ მოვლენად შეაფასა.

შეგახსენებთ, დღეს 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლებმა მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.