რომ არა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები ალბათ, გზას ბოლომდე მიიყვანდნენ - ანდრია ჯაღმაიძე

17:00 05-25-2019
138

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტირიიდან ამ დროისათვის ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოს არის მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დავით გარეჯში ჩავიდა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარესთან დალოგის მიუხედავად, დილით ტერიტორიაზე ტექნიკა ისევ გამოჩნდა.

„გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია. უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა, რამაც გამოიწვია რიგი გაუგებრობები. გზა ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები ალბათ, გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და სამუშაოები გაჩერებულია”, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დავით გარეჯთან დაკავშირებით 1996 წელს მიღწეული შეთანხმება გაიხსენა.

„ვითარება ზოგადად, ასეთია – 1996 წელს ორ ქვეყანას შორის შეთანხმება იყო მიღწეული, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ესარგებლათ 1938 წელს შექმნილი რუკით. ამ რუკების მიხედვით, საზღვარი გაცილებით შორსაა, ამ ქედიდან ალბათ 250-300 მეტრის მოშორებით, თუმცა შემდგომში, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, ამ კომისიის მიერ დადგენილი ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ორი სახელმწიფო. ამ ეტაპისთვის საზღვრის ეს მონაკვეთი არის შეუთანხმებელი. შეუთანხმებელ მონაკვეთში ისედაც დარღვევაა რაიმე სამუშაოების შესრულება. ამიტომ, ფაქტის წინაშე ვართ, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია რიგი ხელშეკრულებები და რიგი კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო”, – აღნიშნა დეკანოზმა.