მამუკა ბახტაძე - საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია

08:28 05-24-2019
47

საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა ძალიან მაღალია, ეს მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ პრობლემას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, მოქალაქეებს შევეხიდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და 2019 წლის ბიუჯეტში  ის უკვე გათვალისწინებულია.

„ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთიანი შესყიდვების გზით შეისყიდის იმ მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომ ეს ხარჯი ჩვენს მოქალაქეებს ჩამოვაშოროთ. საუბარია დაახლოებით 80 დასახელების წამალზე რომლითაც სრულფასოვნად, 100 პროცენტით მოამარაგებს ჩვენს პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. დიახ, საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს  ძალიან უჭირთ. არის სიღარიბე და ამ პრობლემის დაძლევა მოითხოვს სწორ მიდგომასა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არ არის გამოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც ჩვენ შევძლებთ სავაჭრო დეფიციტის ბოლომდე აღმოფხვრას, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, იმას, რომ მეტი ექსპორტი გავიტანოთ და ა.შ. ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიჭრას დღეს. ფუნდამენტური საკითხი ჩემი გადასახედიდან სამია - პირველი - განათლება, მეორე - ჯანდაცვა და მესამე - სასურსათო უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა პრემიერმა.