საქართველოში 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა - ყველაფერი რაც ადრეული ქორწინების შესახებ უნდა ვიცოდეთ 

15:17 05-23-2019

ადრეული ქორწინება რომ პრობლემაა, ეს გუშინ აღაიანში მომხდარმა მკვლელობამაც დაადასტურა, როცა არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი გაგუდა.

სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად ადრეული ქორწინების პრობლემა გენდერულ, კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ფაქტორებს უკავშირდება. ეს მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებული პრობლემა არ არის. ის საკმაოდ მასშტაბურია. ადრეული ქორწინების პრაქტიკას საზოგადოებაში გავრცელებული აზრიც უწყობს ხელს, რომ თითქოს ოჯახში ჩარევა მიზანშეწონილი მაშინაც არ არის, როდესაც კანონი ირღვევა და შედეგი უმძიმესია. 

საქართველოში ნაადრევი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა არასრულწლოვანის ცოლად მოყვანა ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება. 

რა არის ადრეული ქორწინება

Image

ადრეულ ქორწინებად ორ ადამიანს შორის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ითვლება, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში ადრეული ქორწინების მაჩვენებელი მაღალია - ის უტოლდება მოლდოვას, თურქეთს, აზერბაიჯანს.

2017 წლის მონაცემთან შედარებით შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის ​დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

„ქორწილი სკოლაში“

Image

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ნათქვამია, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის აკრძალვის მიუხედავად, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები პრობლემად რჩება. შესწავლილი 419 საქმე კი ცხადყოფს, რომ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა.

სოციალური სააგენტოს ცნობით, 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა შეისწავლეს მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს მონაცემებით, ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.

Image

ომბუდსმენის შესწავლილ საქმეებში ასევე, პრობლემად გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულება. ეს მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სრულწლოვანისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო.

ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინების გამო სკოლის დამთავრებას დაახლოებით 300 მოსწავლე ვერ ახერხებს. ამ მიზეზით 2015/2016 სასწავლო წელს 553 ათასი მოსწავლიდან სკოლის დამთავრება 460-მა გოგონამ და 68 ვაჟმა ვერ შეძლო. 2016/2017 წელს კი 564 ათასი მოსწავლიდან სკოლა 230-მა გოგონამ და 17-მა ვაჟმა ვერ დაამთავრა, 2017/2018 წელს – 151-მა გოგონამ და 22-მა ვაჟმა.

ქორწინება და კანონი

Related

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.

კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციით შეიტანეს. სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. აქ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.

რაც შეეხება 2018 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 16 შემთხვევას მოჰყვა, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი