„ამ სკოლაში დიდი განუკითხაობაა“ - რატომ სცემა მასწავლებელმა მოსწავლეს და როგორ გაუსწორდნენ დანარჩენ კლასს 192-ე სკოლაში

14:56 05-23-2019

„პრაიმტაიმისთვის“ 192-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური და ემოციური ძალადობის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, მოსწავლეები საუბრობენ, რომ თუ რომელიმე მათგანმა საკუთარი უფლებების დაცვა სცადა, მათ  სხვა პედაგოგები დაბალი შეფასებით კოლექტიურად ემუქრებიან.

ფიზიკური ძალადობის შედეგი

„პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი მოსწავლის დედა ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის გამო, იძულებული გახდა მისი შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანა.

„192-ე სკოლაში საშინელი მდგომარეობაა. „პრაიმტაიმთან“ დუმილის დარღვევა ერთადერთი მიზნით გადავწყვიტე - ყველა მშობელს ჰქონდეს ინფორმაცია, სად და რა პირობებში უწევთ ჩვენს შვილებს ე.წ. განათლების მიღება. ჩემი შვილი ცუდი მოსწავლე არ ყოფილა, საკმაოდ მოწესრიგებულია. ვატყობდი, რომ სწავლას მოუკლო, მიზეზებზე არ საუბრობდა, ცდილობდა სკოლაში არ ევლო, დაითრგუნა და ჩაიკეტა თავის თავში. სკოლაშიც მივედი, თუმცა არაფერი უთქვამთ. ყველაფერი გარდატეხის ასაკს მივაწერე. ერთხელაც, აღელვებული და ატირებული მოვიდა. თქვა, რომ სკოლაში აღარასდროს წავიდოდა. თქვა, რომ მასზე და სხვა ბავშვებზე სკოლის მასწავლებელი ძალადობდა. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ, სკოლის დირექციას მივმართე. მეგონა, საჭირო ზომებს მიიღებდნენ... სანამ ცვლილებებს ველოდი, სკოლის ჟურნალში ჩემი შვილის გრაფა 1-იანებითა და 2-იანებით ივსებოდა. მოკლედ, იძლებული გავხდი სხვა სკოლაში გადამეყვანა და ასეც მოვიქეცი. ამ ინცინდენტიდან მალევე გავიგე, რომ იმავე კლასში უკვე გოგონა პირდაპირი გაგებით, კლასისა და მანდატურის თვალწინ იმავე პედაგოგმა თმით ათრია.

მისი დედა ბავშვთა უფლებების დამცველია და ისიც ვერაფერს გახდა სკოლის დირექციასთან. მისი გრაფაც გაივსო 1-იანებითა და 2-იანებით. კლასის მასწავლებლებმა, რომლებმაც დაადასტურეს თანაკლასელზე ძალადობა და შესაბამის ოქმში ჩანაწერი გააკეთეს, იგივე ბედი გაიზიარეს. ფრთხილად მშობლებო, იცოდეთ რომ თქვენ ნაფერებ ბავშვებს სასწავლებლად როცა უშვებთ, სკოლიდან ისინი დასტრესილები და დამცირებულები გვიბრუნდებიან უკან“ - ამბობს მშობელი.

მასწავლებლების სოლიდარობა

Image

„პრაიმტაიმს“ იმავე კლასის სხვა მოსწავლეების მშობლებიც დაუკავშირდა. მათი თქმით, 30 მოსწავლიდან 18-ს ერთ საგანში საშემოდგომო ყვება. მშობლებს არ სჯერათ, რომ პრობოლემა ამდენი ბავშვის გონიერებაშია. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ ხერხით ბავშვებს აიძულებენ, ტყუილი თქვან.

„თუ ბავშვი კლასელს დაიცავს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს შვილებს უნდა გადაეკიდონ და გაუსწორდნენ დაბალი ქულებით. ამ სკოლაში დიდი განუკითხაობაა“ - აცხადებს მოქმედი მოსწავლის დედა.

იმისათვის, რომ არასრულწლოვანი მოსწავლეების იდენტიფიცირება არ მოხდეს და დავიცვათ კონფიდენციალობა, „პრაიმტაიმი“ მოსწავლეებისა და მშობლების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.

Image

დირექტორის რეაქცია

192-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატო გოჩალეიშვილმა ჯერ ვერ გაიხსენა მსგავსი ფაქტები, შემთხვევის დაკონკრეტების შემდეგ კი აღნიშნა, რომ სკოლას ორი კორპუსი აქვს და ძალადობის ფაქტი „მეორე კორპუსში იყო“:

-         პირველად მესმის მასწავლებლის მხრიდან სკოლის მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევის შესახებ.

-         ვიცით, რომ მანდატურის სამსახურიც საქმის კურსშია და მსხვერპლის მშობელმაც არაერთხელ მოგმართათ...

-         სკოლაში ორი კორპუსი გვაქვს და თქვენ ზედა კორპუსზე მესაუბრებით. ეს შემთხვევა მოსაკვლევად დისციპლინურ კომიტეტს გადავეცით. კომიტეტი შედგება ჩვენი სკოლის 2 პედაგოგის, 2 მოსწავლისა და 2 მშობლისაგან.

-         რა რეაგირება მოყვა?

-         სანამ მოკვლევა დასრულდებოდა და მანდატურის სამსახური ძალადობის ამსახველ ჩანაწერებს ამოიღებდა, პედაგოგი თავად წავიდა სამსახურიდან. ამიტომაც, კომიტეტმა მოკვლევა აღარ გააგრძელა... ეს ბავშვი ცუდად სწავლობდა. ბევრსაც აცდენდა. ალბათ, მშობელი არ ესწრებოდა კრებებს და არ იყო საქმის კურსში.

-         მოსწავლეები ამბობენ, რომ როგორც კი იწყებენ საკუთარი უფლებების დაცვას, 1-იანებსა და 2-იანებს პოულობენ ჟურნალში, მათ გრაფაში...

-         1-იანები და 2-იანები შეფასების ქულებია. ჩვენ საკმაოდ ძლიერი პედაგოგები გვყავს. 1-იანს ვწერ მაშინ, როცა მოსწავლემ არც დავალება შეასრულა და არც გაკვეთილი იცის. ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეფასების სქემა.

(სასწავლო ეროვნულ გეგმაში გაწერილია შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა საჯარო სასწავლო დაწესებულება).

-         როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ ძლიერი პედაგოგების პირობებში ერთი კლასიდან 60 პროცენტს საშემოდგომო ყვება? თუ პედაგოგის კვალიფიკაციის პრობლემა არ დგას, ჩნდება ეჭვი, რომ რეპეტიტორებთან მომზადებისკენ უბიძგებთ...  

-         მშობლები მოვიდნენ და ისინი საქმის კურსში არიან, რომ დარჩენილ 3 კვირაში, სასწავლო წლის დასრულებამდე აქვთ შესაძლებლობა, ნიშანი გამოასწორონ. 10 ბავშვს აქვს ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება. რა პრობლემაა? იმეცადინონ და გამოასწორონ. საგანს, რომელზეც საუბრობთ, ასწავლის ძალიან მშვიდი პედაგოგი. ის უბანში კარგი სახელით სარგებლობს.