500-ზე მეტი მასწავლებლი გამოცდაზე გასვლის ნაცვლად პენსიაზე გასვლას გეგმავს

14:27 05-23-2019
524

საპენსიო ასაკს მიღწეული 500-ზე მეტი მასწავლებელი, გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, ჯილდოდ ორი წლის ხელფასის მიღებას და პენსიაზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერმა პედაგოგებმა რეგისტრაციის გასაუქმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ. გამოცდაზე დარეგისტრირება ნებაყოფლობითია.

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯილდოს მიღების სურვილი ასაკით პენსიონერ იმ მასწავლებლებს აქვთ, რომლებმაც საგამოცდო რეგისტრაცია უკვე გაიარეს, თუმცა ახალი ინიციატივის გაცნობის შემდეგ, ცენტრს რეგისტრაციის გასაუქმებლად ცხელი ხაზის საშუალებით მიმართავენ.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ცხელ ხაზზე ზარები საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან. მართალია, ისინი დარეგისტრირდნენ გამოცდისთვის, მაგრამ გადაიფიქრეს და რეგისტრაციის გაუქმება სურთ, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და გამოცდაზე გასვლა აღარ უნდათ.“ განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძემ განმარტა, რომ რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი და რეგისტრაციაზე გადახდილი საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ ხვალ 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

“გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ, — განაცხადა სოფო გორგოძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპეტენციის დასადასტურებლად პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია გამოაცხადა.