გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში - ხათუნა ლაგაზიძე

11:21 05-23-2019

ოპოზიციამ უნდა დაასრულოს გადაბრალების პოლიტიკა და გააანალიზოს მარცხი - ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიცია მთაწმინდაზე, მეორე ტურში სრულად ვერ ახერხებს გაერთიანებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებზეც დაქსაქსული გავა.

„რეალობა ასეთია: 1. კვირის არჩევნები არა მარტო ნაცების და შეიძლება არა იმდენად ნაცების, არამედ სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო, რადგან მთაწმინდის გარდა ვერც ერთ საარჩევნო ოლქში ამდენმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად ვერ შეძლო ისეთი რაოდენობის ოპოზიციური ამომრჩევლის უბნებზე გამოყვანა, რომ ხელისუფლება მეორე ტურში გადაეყვანა. ეს იყო ამომრჩევლის საყოველთაო პროტესტი ოპოზიციას.

2. ოპოზიცია მთაწმინდაზე მეორე ტურშიც არ და ვერ ახერხებს გაერთიანებას, რაც იმის ნიშანია, რომ 2020-შიც ოპოზიცია არჩევნებზე დაქსაქსული გავა და მაჟორიტარულ ოლქებშიც ბეეევრი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი, რაც ხელისუფლებისთვის მირთმეული საჩუქარია, ასევე აჩენს იმის განცდას, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად უმოკლეს გზად ხელისუფლებასთან გარიგება მიაჩნია, თუმცა ბევრისთვის ფუჭი აღმოჩნდება ეს ილუზია;

3. დღემდე სრულიად ოპოზიცია ვერ ახერხებს ორი თვის წინ დაანონსებულ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის აქციის დაორგანიზებას, რომელიც რეალურად შეიძლებოდა ოპოზიციისთვის საერთო სახალხო კარდაკარი გამხდარიყო და გამარჯვებაც მოეტანა. ფაქტია რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვერ ახერხებს საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებას, მეორე კი ხელისუფლებასთან გარიგებას არჩევს. ჯერჯერობით არც ახალი და კარგად ორგანიზებული პოზიტიური ძალები ჩანან, არადა ამომრჩევლის 50% მათ მოლოდინშია. სიმპტომები კიდევ ბევრია.

ამ დროს: 1. კვირის არჩევნებით ხელისუფლებამ მოიპოვა შეუადარებელი ფსიქოლოგიური უპირატესობა, ისეთი როგორიც არ ქონია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც კი;

2. ზუგდიდში სადაც რეალურად გახარია-სააკაშვილის შერკინებას ვუყურებდით, გახარიამ დაამარცხა სააკაშვილი და თან პირველივე ტურში;

3. ვისაც ნდიაის კვლევების სჯერა, მათთვის სწორედ „ოცნებას“ ჰყავს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე რეიტინგული ფიგურა - კახი კალაძე;

4. აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ შეუზღუდავ ადმინისტრაციულ და ფულად რესურსებზე. ჰოდა, ამ სიტუაციაში საინტერესოა თუ შერჩა ოპოზიციას უნარი გადაიაზროს, რაც სჭირს, რატომ სჭირს თუ შეეგუება „ოცნების“ მესამე ვადით დარჩენას ხელისუფლებაში?!,- აცხადებს ლაგაზიძე.