15 წლისა ბავშვთა სახლიდან ბორდელში აღმოვჩნდი - თურქეთში ქართველი მეძავი ქალის ისტორია

11:16 05-23-2019
17184

თურქეთში წასული ქართველების შესახებ დროდადრო სხვადასხვა ისტორია ვრცელდება. ნაწილი ტრეფიკინგის შემთხვევებზე საუბრობს, ნაწილი - მოსავლელ მოხუცებზე, მოსაკრეფ ჩაისა და თხილზე, დაბალ შემოსავლებზე და ნოსტალგიაზე

„პრაიმტაიმის“ დღევანდელი რესპონდენტი თურქეთში ჩასულ ქართველ სექსმუშაკებზე საუბრობს. თავადაც უკვე 23 წელია სექსმუშაკია. ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა მრავალწლიანი დუმილი „პრაიმტაიმთან“ დაარღვიოს და საზოგადოებას ერთგვარი „აღსარება“ ჩააბაროს.

ნათია ჭელიძე სენაკის ბავშვთა სახლში დაბადებიდანვე აღმოჩნდა. მისი თქმით, ბიოლოგიურ მშობლებს, ან სხვა ახლობლებს არასდროს მოუკითხავთ. გარდატეხის ასაკს რომ მიაღწია, ქუჩაში აღმოჩნდა და იმ დროიდან დაიწყო მისი, როგორც მეძავი ქალის, ცხოვრება.

„თავი სენაკის ბავშვთა სახლიდან მახსოვს. მახსოვს, იმ საშინელ გარემოში, გამუდმებით ფანჯარაში ვიდექი და მშობლებს ველოდი. ისინი ჩემს სანახავად არასდროს მოსულან. არ ვიცი ვინ ვარ, რა ოჯახიდან ვარ, რა გვარს ვატარებ სინამდვილეში, ვინ არიან ჩემი ნათესავები... ამ საშინელ შეგრძნებებთან ერთად მივაღწიე გარდატეხის ასაკამდე. სწორედ იმ დროს, ბავშვთა სახლის ეზოში ერთმა კაცმა დამიძახა. სანამ მასთან მივიდოდი, მეგონა მამამ მომაკითხა. გამეცნო, როგორც ვინმე თემური, რომელსაც უყვარდა ბავშვები და მათზე ზრუნავდა. რამდენიმე დღეში, მე და კიდევ რამდენიმე გოგოს  საჩუქრად ლამაზი კაბები და თმის სამაგრები მოგვიტანა. მოკლედ, ასე მივეჩვიეთ თემურს. დაახლოებით 1 თვეში ბათუმში წაგვიყვანა. როგორც აღმოჩნდა, მას სასტუმრო ჰქონდა, სადაც ბორდელიც იყო. მაშინ 15 წლის ვიყავი, დანარჩენებიც - 15-16 წლისანი. ასე ჩავერთეთ პროსტიტუციაში. ცოტა ფულს გვაძლევდა, მასთან ვცხოვრობდით და გვაჭმევდა, ტანსაცმელსაც ყიდულობდა, მაგრამ იმდენს არ გვაძლევდა, რომ დამოუკიდებლად გვეცხოვრა. არადა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. მეძავობა არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ეს იძულება იყო. ახლა ვხვდები, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემამ, ე.წ. „პრიუტის“ ხელმძღვანელობამ გამიმეტა...

მერე, ბათუმში ჩემს მუდმივ კლიენტებს შორის ერთი თურქი მამაკაცი იყო. მან შემომთავაზა საბუთების გაკეთება და თურქეთში წასვლა. როცა ის თავის სამშობლოში დაბრუნდა, მეც თან გავყევი. ბორდელიდან გამოვიპარე. თურქეთშიც ბორდელში დავიწყე მუშაობა, უკვე 17 წელია აქ ვარ, ჩემი „ბეი“ კარგად მიხდის, ბანკში შემაქვს და ვაგროვებ... აქ ქართველ ქალებს საკმაოდ ბევრს უხდიან, ძალიან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ. თუმცა, ზოგი ისეთი სადისტია, იმ საათებში, რამდენსაც ჩვენთან დროის გასატარებლად იღებენ, სასტიკად გვაწამებენ, მაგრამ კარგად იხდიან. ჩვენ სული, მომავალი და ცხოვრება არც აქ გვქონია და არც - საქართველოში. ჩვენ, მეძავები, ერთი დღით ვცხოვრობთ, რომ თავი გავიტანოთ და გვეშინია სიბერის, როცა ჩვენი ხორციც კი არავის დასჭირდება და ჩვენ ცარიელი სხეულები, უბრალოდ, უნდა ვატაროთ. ჩვენ იმ პროფესიისანი ვართ, რომელსაც მიზანი და ნატვრა არ აქვს. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ცხოვრებისგან არადანი მერგო... - ამბობს ნათია ჭელიძე. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური