რატომ გახშირდა თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტები - 3 მიზეზი

17:48 05-22-2019
222

დედაქალაქის მოსახლეობა, ელექტროენერგიის გახშირებულმა გათიშვამ, ბოლო დროს განსაკუთრებით შეაწუხა. ამის შესახებ თბილისელები სოციალურ ქსელშიც აქტიურად წერენ. განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება შევარდნაძის ხშირი ხსენება მათგანაც კი, ვინც „ბნელ და ტკბილ“ 90-იანებს არც კი მოსწრებიან.

შესაძლოა თემა უტრურებულია, თუმცა „პრაიმტაიმი“ მიზეზების კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგებამდე მიიყვანა.

 

ქარი და წვიმა?!

width=627

 

თემის შესწავლისას, რა თქმა უნდა, გავერკვიეთ, რომ არსებობს მაღალი ძაბვის საჰაერო გადამცემი ხაზები, რომლებზეც გავლენას ძლიერი ქარი ახდენს. ხოლო მიწისქვეშა საკაბელო გადამცემ ხაზზე შეფერხება შესაძლოა, ძლიერმა წვიმამ, ანდაც მექანიკურმა დაზიანებამ გამოიწვიოს.

რიგ შემთხვევაში ელექტროენერგიის სიხშირის ვარდნა ხდება და დენის შეზღუდვის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი შესაძლოა, ესეც იყოს.

 

პრობლემური უბნები

width=635

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ცხელ ხაზზე განუმარტეს, მათთან ზარები, ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ, თბილისის თითქმის ყველა რაიონიდან შედის და ერთი კონკრეტული უბნის გამოყოფა რთულია. თუმცა, ირკვევა, რომ უფრო ხშირად დაზიანებები მშენებარე კორპუსების არეალში ხდება. ეს შეიძლება იყოს როგორც მექანიკური (მაგალითად მშენებლობის დროს), ასევე ხაზების განაწილების დროს წარმოქმნილი პრობლემა. ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ, ავარიის დადგენას 1 საათიდან 2 საათამდე დრო სჭირდება.

 

სამი მიზეზი

width=940

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას ენერგოექსპერტი გია არაბიძე სამ მიზეზს ასახელებს და დენის გათიშვის გახშირებულ მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება ზამთარსა და ზაფხულში გათანაბრდა, შესაბამისად, დღის წესრიგში ქსელის ხშირი განახლება დგება.

„თელასში ჩვენი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. საკმაოდ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ სისტემა ტექნიკურად მოწესრიგდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამორთვები, ტექნიკური პრობლემების გამო, უკვე ნაკლებად ხდება.

გეგმიური გამორთვები ყოველთვის იყო, რადგან ქსელის მომზადებაა საჭირო. გეგმიური სამუშაოების რაოდენობის ზრდა ნამდვილად არის მიბმული ახალი კორპუსების ექსპლუატაციაში შესვლასთან. როდესაც კორპუსი ექსპლუატაციაში შედის, მიმდებარე უბანი მთლიანად უნდა ამოირთოს.

საბოლოოდ, ექსპერტთან სამ მიზეზზე შევჯერდით:

1. ახალი კორპუსების შესვლა ექსპლუატაციაში;

2. ზაფხულის პიკებისათვის მზადება, რომ ქსელი მოწესრიგებული იყოს, რადგან დენის ხშირი გამორთვა კონდიციონერებისა და გაგრილების სისტემებს დააზიანებს;

3. ქსელის ტექნიკური გაუმჯობესება, რაც გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ითვალისწინებს.

P.S. მასალის მზადებისას, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვქონდა თელასთანაც, სადაც დაადასტურეს, რომ ხშირად არაგეგმური გათიშვის მიზეზი სწორედ მშენებარე არეალებში მიწისქვეშა კაბელების მექანიკური დაზიანებები ხდება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე