სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ლექტორი საკრებულოშიც მუშაობს -„ხელს არავის დავაფარებთ“ 

17:06 05-22-2019
127

„ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით. ხელს არავის დავაფარებთ, ვინც უნდა იყოს, პასუხს აგებს“, - ასე ეხმიანება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბსუ-ში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს.

არსებული ინფორმაციით, ლექტორი, რომელსაც 19 წლის გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პარალელურად საკრებულოში მუშაობს.

სულიკო თებიძე აცხადებს, რომ თუ დადასტურდება სექსუალური შევიწროების ან ძალადობის ფაქტი, მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„ყოველგვარ ძალადობას ვგმობთ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან იძულების ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით. ხელს არავის დავაფარებთ, ვინ უნდა იყოს, აგებს პასუხს. თუ თანამდებობის პირია, დატოვებს თანამდებობას და დეპუტატის მანდატს“, - სულიკო თებიძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ავტორი: თეონა აბესაძე