განვიცდი უხერხულობას, სირცხვილი მე, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე - ნიკა გვარამია

16:13 05-22-2019
9254

სირცხვილი მე, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე - ასეთი განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გააკეთა.

ნიკა გვარამია დღეს მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ, მიიჩნევს, რომ სკოლებში სექსუალური განათლების გაკვეთილები უნდა დაიწყონ.

„ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!

ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ - დიახ. რატომ? იმიტმ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!“ - დაწერა გვარამიამ

შეგახსენებთ, კასპში დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა. ბრალედებულის სახით დედა თბილისში დააკავეს. ის 16 წლის არასრულწლოვანია. ბავშვი დღესვე დაკრძალეს.

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, არასრულწლოვან გოგოს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. მისი თქმით, შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.