70 მეტრის ხიდი ბოლომდე დაინგრა - როგორ გადაურჩა კასპში უამრავი ადამიანი ტრაგიკულ სიკვდილს?

12:41 05-21-2019
2431

ეს ამბავი ზუსტად 60 წლის წინ, 1959 წლის 20 მაისს კასპში მოხდა. უამრავი კასპელი ტრაგიკულ სიკვდილს ორმა პოლიციელმა გადაარჩინა. „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების უფროსს, ვანო ჯახუას ესაუბრა.

ვანო ჯახუა: „მოგეხსენებათ ქალაქი კასპი სოფელ მეტეხთან და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელთან დაკავშირებულია მდინარე მტკვარზე აგებული საავტომობილო ხიდით. ხიდზე გადასვლისას თვალში უმალ გხვდებათ მდ. მტკვარში არსებული ძველი ხიდის დანგრეული ბურჯები.

სანამ უშუალოდ ფაქტზე მოგითხრობდეთ, მინდა მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია ძველი ხიდის შესახებ.

1922 წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება სოფელ მეტეხთან, მდინარე მტკვარზე ხიდის აგების შესახებ, რომელიც ლადო კეცხოველის სახელობის იქნებოდა. ხიდის მშენებლობა 1923 წელს დაიწყო. მშენებლობის პროცესი რიგი მიზეზების გამო გაჭიანურდა და ოთხ წელიწადს გაგრძელდა. 1927 წელს ხიდი ექსპლოატაციაში შევიდა.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს. 1959 წლის 12 მაისს წყალმოვარდნისა და წყლის დონის მკვეთრად აწევის გამო შეიქმნა მეტეხის ხიდის დანგრევის საშიშროება. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კპ კასპის რაიკომის დავალებით ადგილობრივ მილიციას დაევალა ხიდის ექსპლოატაციის კონტროლი.

20 მაისს ადგილობრივმა მილიციონერებმა ალექსი ივანეს ძე გოგოლაურმა და ივანე სიმონის ძე აფციაურმა, შენიშნეს რა ხიდის დეფორმაცია, მათ შეწყვიტეს ყოველგვარი მოძრაობა ხიდზე. მიუხედავად ამისა, მეტეხის ძველი აგურის ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა დიდი ჯგუფი და ადგილობრივი მაცხოვრებლები ცდილობდნენ ხიდზე გადასვლას. თუმცა მილიციონერები - გოგოლაური და აფციაური რამდენიმე საათის განმავლობაში აკავებდნენ ხალხის მასას, რა დროსაც ხიდის ბურჯებმა დაიწყეს ნგრევა და მალე 70 მეტრი სიგრძის ხიდი ბოლომდე დაინგრა.

ასე იხსნეს ადამიანები დაღუპვისაგან მილიციონერებმა, რის გამოც მაშინდელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე ღარიბაშვილის ბრძანებით მილიციის კასპის რაიონული განყოფილების მილიციონერები ალექსი ივანეს ძე გოგოლაური და ივანე სიმონის ძე აფციაური დაჯილდოვდნენ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელებით.

აღსანიშნავია ის, რომ ეს ფაქტი არ გაშუქებულა მაშინდელ არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ პრესაში.

1959 წლის 1 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება N440 „კასპის რაიონის სოფელ მეტეხთან მდინარე მტკვარზე დროებითი გასასვლელის მოწყობის ღონისძიებათა შესახებ“. ის ხიდი კი, რომლითაც დღეს მოსახლეობა სარგებლობს, XX საუკუნის 60-იან წლებში აშენდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი