გადაიღებენ თუ არა „სამეფო კარის თამაშების“ მე-9 სეზონს

11:28 05-21-2019
352

„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის ფინალური სერიის ნახვის შემდეგ, ფანების დიდ ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ შოუ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

სერიალის მეცხრე სეზონის გადაღების შესაძლებლობებზე წერენ დასავლური ტაბლოიდებიც. ფინალურ სერიაში განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი კითხვის ნიშანი დატოვა და ფანებისთვის საყვარელი პერსონაჟების ბედიც მეტნაკლებად ბუნდოვანი დარჩა.

ღიად დარჩენილი რამდენიმე სიუჟეტური ხაზი გაგრძელების საშუალებას იძლევა და სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ შოუს მაყურებლები ახალი სეზონის გამოსვლას.

თუმცა, შოუს ავტორებს თუ დავუჯერებთ, ეს ნაკლებ სავარაუდოა. დევიდ ბენიოფმა და დენ ვაისმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მერვე სეზონი საბოლოოა და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

„ეს შოუ დასაწყისიდანვე აღგვაფრთოვანებდა და არ უნდა ყოფილიყო ისეთი სერიალი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება. ჩვენ გვსურდა ერთი დიდი ისტორიის მოყოლა, რომელიც იქნებოდა თანმიმდევრული, ექნებოდა ლოგიკური დასასრული და სიუჟეტი შეიკვრებოდა,“- აცხადებს დევიდ ბენიოფი.

მართალია, სერიალის გადაღებები დასრულდა, თუმცა წიგნების ავტორი ჯორჯ მარტინი, „სამეფო კარის თამაშების“ ახალ თხზულებებზე მუშაობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წიგნების შინაარს, სერიალის ავტორებმა მეხუთე სეზონის შემდეგ გადაუხვიეს.

ავტორი: მარიამ გიგანი