საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინეარი„ შემოდის

15:17 05-16-2019

ირლანდიურ ავიაკომპანია “რაინეართან„ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება - ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაადასტრა. მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმითვე, “რაინეარის„ შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის იქნება, რომელიც სწორედ ამ ტიპის ავიაკომპანიების ფრენებზეა გათვლილი. ჩოგოვაძის ცნობით, ირლანდიურ ავიაკომპანია ქუთასის გარდა, დაინტერესებულია თბილსის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებაზე.

“ქუთაისის აეროპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. პრემიერის უშუალო დავალებით  რამდენიმე თვის წინ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დავიწყეთ რაინეართან. პირველი შეხვედრა გაიმართა მათ სათავო ოფისში დუბლინში. ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი. შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ძალიან დიდია ალბათობა იმის რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი კომპანია რაინეარი შემოვა. საუბარი მიდის იმაზე, რომ რაინეარმა ქუთასისა და თბილისის აეროპორტებიდან დაიწყოს ფრენები და ეს მოხდეს 2020 წლიდან. როგორც უკვე ვთქვი, შეთანხმების მიღწევის დიდი შანსი არსებობს,”-განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში გიორგი ჩოგოვაძემ.

1984 წელს დაარსებული ავიაკომპანია ფრენებს ევროპის 37 ქვეყანაში, მაროკოს, ისრაელისა და იორდანიის მიმართულების ასრულებს.