პუტინსა და ასადს ბავშვებისა და ქალების მკვლელობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

14:48 05-16-2019
115

„ნახეთ როგორ წვავენ და კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, ბავშვებს და ქალებს, პუტინი და ასადის რეჟიმი“- ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სირიელი ფარედ ალი.

იდლიბის პროვინციის მოსახლე ირწმუნება, რომ ავიაიერიშების შედეგების ამსახველი კადრები 15 მაისს თავად გადაიღო.

საჰაერო დარტყმები იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში განხორციელდა. ავიაიერიშების უკან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალასადის რეჟიმი და მისი მოკავშირე ვლადიმერ პუტინი დგანან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იერიშების სამიზნე დასახლებული პუნქტი და სკოლა აღმოჩნდა.

სირიის სამოქალაქო დაცვის ცენტრი და „თეთრი ჩაფხუტების“ სამაშველო ჯგუფი აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება.

ადგილობრივი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ მოსკოვი და დამასკო დასახლებულ პუნქტებს განზრახ ბომბავენ.

იდლიბი სირიის უკანასკნელი პროვინციაა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირე რუსეთის სამიზნეც, სწორედ ამბოხებულები არიან.

სამოქალაქო ომი, სირიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის, უკვე 8 წელია მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ გიგანი