რა უნდა ვიცოდეთ არტერიული წნევის შესახებ

14:31 05-16-2019
205

ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი წნევა, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, და სხვა. 

ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სხვა გართულებები. 140/90 მმ.ვწყ.სვ. და მეტი მაჩვენებელი მაღალ წნევად, ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, იცოდნენ წნევის ციფრები, რათა ადრეულად გამოავლინონ ჰიპერტენზია. წნევის ციფრების არცოდნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 

მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად

- ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მლაშე საკვები.
- მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
- ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
- იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
- თავი დაანებეთ თამბაქოს მოწევას, ერიდეთ მის კვამლს.

მაღალ წნევის მკურნალობისთვის: 
1. დაიწყეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი 
ბევრისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესით შეცვლა საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად.
2. უმეტესობას ცხოვრების ჯანსაღი წესთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება.

წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.