როენა მამიდას სასტუმრო დალუქულია... როდის გახსნიან იქ კათარზისს

13:58 05-16-2019
427

გახსნის თუ არა სინამდვილეში პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული სასტუმრო „მამიდას“ ნაცვლად კათარზისს „მამიდა“, - ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ როენა ხუცურაულის ადვოკატს, არჩილ დვალიშვილს მიმართა.

ადვოკატი სასტუმროში კათარზისის გახსნას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ქალბატონ როენას აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული პატიმრობიდან და მის საქმეზე სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ უმსჯელია - არსებითად დამთავრდება, თუ საპროცესო შეთანხმებით. აქედან გამომდინარე, სასტუმროს შემდგომი ბედ-იღბალიც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

პირველი სხდომა 23 მაისს არის ჩანიშნული, მერე ალბათ გაგრძელდება და ვნახოთ, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, რომ სასტუმრო „მამიდაში“, რომელიც ამჟამად დალუქულია, გაიხსნას კათარზისი“- განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული სწორედ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

როენა ხუცურაული სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი