ცესკო საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართავს, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდნენ

13:16 05-16-2019
6

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მიუკერძოებელ დამკვირვებლებს ზუგდიდის  საარჩევნო ოლქში მიმდინარე მოვლენების დაკვირვებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიან.

„დღეს ზუგიდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას. აღნიშნული დაპირისპირება საზოგადოებამ კადრების საშუალებით იხილა, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და სხდომის ჩაშლის მცდელობა. ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისათვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას. საარჩევნო ადმინისტრაციისათვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის მხარეში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმარტული დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესების დაზიანებას.“- განაცხადეს ცესკოში. 

შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომაზე ოპოზიცია ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს.

მიზეზი კვლავ ამომრჩეველთა სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდებია, რაზეც საოლქოში რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი მირანდა მესხის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა.