გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი ქობულიას come back-ი პოლიტიკაში?! - შედგება თუ არა ერთობა

12:14 05-16-2019
550

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საკუთარი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ის დაბრუნებას არ ფიქრობს. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კვირიკაშვილის შესაძლო პოლიტიკური come back-ი ისევ განხილვის საგანია.

ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ 2020-მდე გადანაწილების პროცესის ყველაზე აქტიური ფაზა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ მსუბუქი კონტურები შეიმჩნევა.

სწორედ ამ კონტურის ნაწილია გუშინდელი ორი განცხადება, როცა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პოლიტიკაში დარჩენა არ გამორიცხა და „ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ ხმაურით წასული დეპუტატის, ლევან კობერიძის პოზიცია, რომ ის სიამოვნებით ითანამშრომლებს ქობულიასთან.

ვფიქრობთ, ბუნებრივად უნდა ჟღერდეს კითხვა - შესაძლოა თუ არა ახალი პოლიტიკური ტანდემი სწორედ ზემოთ ხსენებული ამ სამი მოთამაშისგან შეიკრას.

ამ ტანდემს მცირედი განსხვავებულობით ხედავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკაში.  

ექსპერტის განმარტებით, აბსოლუტურად გაუგებარია რა პოლიტიკური აქტივის მოტანა შუძლია გიორგი კვირიკაშვილს ქართული პოლიტიკისთვის.

„გიორგი კვირიკაშვილს საერთოდ ვერ ვხედავ პოლიტიკაში. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ეს იყო ერთი დიდი გაუგებრობა, რომელიც აგრეთვე გაუგებრობით დასრულდა. აბსოლუტურად გაუგებარია რა პოლიტიკური აქტივი უნდა მოუტანოს მან ქართულ პოლიტიკას. ის იყო შემთხვევითი ფიგურა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა რაღაც პოზიციაზე. შეიძლება კვირიკაშვილი არის კარგი ადამიანი, მაგრამ ის არ იყო პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე მასზე, როგორც პოლიტიკურ ლიდერზე საუბარი ჩემთვის აბსოლუტურად არასერიოზულია“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, როგორ ხედავს გიორგი ქობულიას და ლევან კობერიძის პოლიტიკურ დუეტს. ექსპერტი პასუხობს, რომ მათ კვირიკაშვილისგან განსხვავებით, სრული უფლება აქვთ ჰქონდეთ ამბიცია იყვნენ პოლიტიკოსები.

კვირიკაშვილისგან განსხვავებით გიორგი ქობულიას შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია. მან ამ დღეებში გარკვეული დივიდენდები მოიპოვა. როგორც უკვე აღვნიშნე, კვირიკაშვილის მოსვლა იყო ერთი დიდი გაუგებრობა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, როდესაც კრიზისების დროს გაურბოდა საერთოდ კომენტარს. ბოლოს კი, აბსოლუტურად უაზროდ, ფეხების ბაკუნი დაიწყო. რაც შეეხება ლევან კობერიძეს და გიორგი ქობულიას ისინი პოლიტიკოსები არიან და მათ სრული უფლება აქვთ ჰქონდეთ ამბიცია.

თუმცა ჯერჯერობით, მათში ნაციონალური მასშტაბის ლიდერებს ვერ ვხედავ. მაგრამ ის, რომ პოლიტიკაში თავიანთი წვლილი აგური დადონ, ამის პერსპექტივა ნამდვილად არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე