ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ერთი პირი დააკავეს

11:29 05-16-2019
136

მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელს დაუპირისპირდა, სამართალდამცავებმა სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შსს - ში განუცხადეს.

ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომაზე ოპოზიცია ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს.

მიზეზი კვლავ ამომრჩეველთა სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდებია, რაზეც საოლქოში რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი მირანდა მესხის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ავტორი: თეა შონია