ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

10:08 05-16-2019
229

საქართველოს საელჩო ისრაელში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებას, რომ საქართველო მისი მოქალაქეებისთვის საშიშ ქვეყნებს შორისაა, სტატისტიკით ეხმაურება. 

საელჩოს განმარტებით, მიმდინარე წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ისრაელის მოქალაქემ  საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებას  წითელას დაავადებით მიმართა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2019 მაისის განახლებულ ყოველთვიურ ანგარიშში, რომელიც ეხება წითელასა და წითურას გლობალურად გავრცელების მაჩვენებლებს, საქართველომ ხსენებული დაავადების გავრცელების კუთხით მე-11 ადგილი დაიკავა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ანგარიში (მისი განახლება) მუდმივად ეყრდნობა წინა 12 თვის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ წითელასა და წითურას დაავადების გავრცელებას აქვს მზარდი დინამიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა კონტინენტზე (გამონაკლისს არც ისრაელი არ წარმოდგენს, ხსენებული ანგარიშის მიხედვით ისრაელი მე-13 ადგილს იკავებს).

უნდა ითქვას, რომ წითელას დაავადების შემთხვევების რაოდენობამ განსაკუთრებით თავი იჩინა საქართველოში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ფართომასშტაბიანი, სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ სეგმენტში - რიგგარეშედ დამატებითი აცრა ჩაუტარდა 134 000-მდე ზრდასრულ მოქალაქეს, რაც დღემდე ინტენსიურად გრძელდება. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ავადობის მატება მკვეთრად შემცირდა. ხაზგასასმელია, რომ 2018 წლის პირველი 6 თვის მსო-ს ანგარიშით, ზემოხსენებული დაავადებების გავრცელების კუთხით საქართველო იკავებდა მე-7 ადგილს.

2018 წლის მონაცემებით საქართველოში იმოგზაურა 8,7 მილიონმა საერთაშორისო მოგზაურმა, მათ შორის დაახლოებით 157,000 ისრაელის მოქალაქემ. ნიშანდობლივია, რომ გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ისრაელის მოქალაქეს მიემართოს საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებისათვის ხსენებული დაავადებით, მით უმეტეს არ დაფიქსირებულა ფატალური შემთხვევა. ნებისმიერ შემთხვევა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯანდაცვის სისტემა მზადაა აღმოუჩინოს საჭირო დახმარება არამარტო საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ტურისტებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა შესაბამისი ვაქცინაცია. ამასთან დაკავშირებით სპეციალური ვაქცინაციის პროგრამები ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში და საქართველოში.

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში სრულად იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ვაქცინაციის თაობაზე და მოუწოდებს ისრაელის მოქალაქეებს გაიარონ შესაბამისი ვაქცინაცია მათ შორის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.

საქართველოს საელჩოს ისრაელის მოქალაქეებს უსურვებს ბედნიერ მოგზაურობას, განსაკუთრებით საქართველოში!“, - განმარტებულია განცხადებაში.

როცა ისრაელის ჯანდაცვის უწყება თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, იმოქმედებს თუ არა ეს ამ ქვეყნიდან ჩვენთან შემოსული ტურისტების რაოდენობაზე? - ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართა. უწყებამ ამ ეტაპზე პასუხისგან თავი შეიკავა.

გუშინ „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომელშიც საქართველო ბავშვებისთვის საშიში ქვეყნების სიაში მოხვდა. უწყება თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ.