რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში - დაპირისპირების ყველა დეტალი (ვიდეო)

19:16 05-15-2019

ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ზუგდიდის საკრებულოს წინ განვითარებულ მოვლენებს არაადეკვატურს უწოდებს. 

მისი განცხადებით, ქვეყანამ დაკარგა სახე და ეს სახე უნდა აღდგეს არჩევნებში მძლავრი გაფრთხილებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს.

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. საქმე ეხება ჩარულ ჩანაწერს, რომელშიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზეა ლაპარაკი.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.

მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს.

ჩანაწერის შესახებ  სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, უკვე დაიკითხა ფარული ჩანაწერის ფიგურანტი გია დანელია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ოპოზიცია დაძაბულ სიტუაციას ხელოვნურად ქმნის.

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის საკრებულოსთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.