2 მილიონად შეფასებული Ferrari ტესტ-დრაივის დროს გაიტაცეს

19:12 05-15-2019
374

დუსელდორფში Ferrari -ის მარკის ავტომობილი, რომელიც ორ მილიონ ევროდ არის შეფასებული ტესტ-დრაივის დროს გაიტაცეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ავტოსალონში ტაქსით მივიდა და განაცხადა, რომ 1985 წელს გამოშვებული Ferrari 288 GTO-ს ყიდვა სურდა. 

მას ავტომობილი ტესტ-დრაივისთვის გადასცეს. 2-საათიანი ტესტის შემდეგ, როდესაც გამყიდველი მანქანიდან გადმოვიდა, პოტენციურმა მყიდველმა მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

იშვიათი, რარიტეტული ავტომობილი მალევე იპოვეს.

სადილერო კომპანიის მმართველი დირექტორის ბერხარდ კერკლოს განცხადებით, ეჭვმიტანილი რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკავდა კომპანიაში მანქანასთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამტაცებლისთვის ამ მანქანის გაყიდვა შეუძლებელი იყო. მისი თქმით, იშვიათი ავტომობილების დილერები მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ მანქანა გატაცებულია, რადგან ისინი კარგად იცნობენ ამ მარკის თითოეულ ავტომობილს.

კომპანიამ, Ferrari 288 GTO-ს  მოდელის სულ 272 ეგზემპლარი გამოუშვეს.