„ქართული ოცნება“ ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს

18:54 05-15-2019
3

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ მის კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. შეიძლება ვიღაცეები ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ოპოზიციას და პოზიციას და ყველა ვალდებულია დაიცვას ის თამაშის წევრები რაც არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

შეგახსნებთ, რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის საკრებულოსთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

საქმე ეხება სავარაუდოდ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს.

ფარული ჩანაწერი 14 მაისს გავრცელდა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.

მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს.