აქცია ზუგდიდში - რას ითხოვენ დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდამჭერები 

16:21 05-15-2019

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მიერ დაკავებული ძმების ბესიკ და ჯონი დგებუაძეების ოჯახის წევრები და ახლობლები „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბთან აქციას მართავენ.

ისინი ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხ აპრილს გამთენიისას დააკავეს.

ოჯახის მტკიცებით, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმეზე, რომელშიც ბესიკ დგებუაძე ფიგურირებს, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას სხეულში ორი ტყვია რჩება.

როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.

ოჯახი გამოძიების და სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ითხოვს მის გათავისუფლებას. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებული ბესიკ დგებუაძის მამა, ძმა და ადვოკატი სამხარეო პოლიციაში შს მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. როგორც დაკავებულის ბიცოლამ ჟურნალისტებს უთხრა, მათ იმედი აქვთ, რომ დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვლება.

 

ავტორი: თეა შონია