„ასეთ პირობებში გუნდის დატოვებას არ ვაპირებ“ – „ტორპედოს“ პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს

16:11 05-15-2019
89

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ტორპედოს მფლობელი აცხადებს, რომ კლუბში ფინანსური პრობლემები უცხოელი ინვესტორის წასვლის შემდეგ დაიწყო და ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდეს.

ჩაჩავა ასევე ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად კლუბის დატოვებას არ აპირებს.

ბიზნესმენის განცხადებას ქუთაისური კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

„პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ტორპედო ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, ტორპედოს ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.

პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.

„ტორპედო„ ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.

და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ“, - აცხადებს ჩაჩავა

კლუბში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ტორპედოში“ მძიმე ფსიქოლოგიური და ფინანსური ვითარებაა, რის გამოც გუნდმა შესაძლოა მომდევნო მატჩამდე ვეღარ მიაღწიოს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე