მარტივი ინექცია, რომელმაც შესაძლოა კიბო განკურნოს (ვიდეო)

15:48 05-15-2019
245

ავსტრალიელი ექიმი ირწმუნება, რომ რევოლუციურ მკურნალობის მეთოდს მიაგნო, რომელსაც კიბოს დამარცხების შანსი აქვს.

ექიმი კენ მიკლვაიტი კიბოს წამალზე თავის გუნდთან ერთად მუშაობდა. იგი ირწმუნება, რომ მის აღმოჩენას სამომავლოდ კიბოს განკურნება შეუძლია.

მკურნალობის მეთოდი მოდიფიცირებულ იმუნურ უჯრედებს იყენებს, რომელთაც CAR T უჯრედები ეწოდება. მათ იმ კიბოს უჯრედების პოვნა და განადგურება შეუძლიათ, რომელთაც იმუნური სისტემა ვერ აგნებს.

„ვიღებთ იმ იმუნურ უჯრედებს, რომელთაც კიბოს დანახვა არ შეუძლიათ, მათში ვათავსებთ ისეთ გენს, რომელიც კიბოს უჯრედების აღმოჩენისა და განადგურების უნარს მისცემს,“ განაცხადა ექიმმა მიკლვაიტმა ავსტრალიურ გადაცემა „60 წუთში“.

მკურნალობის მეთოდი 1 ინექციას მოიცავს, რომელშიც მოდიფიცირებული უჯრედებია შეყვანილი. შესაბამისად, ეს მეთოდი რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული, სხივური და ქიმიო-თერაპიისგან.

მკურნალობის ამ მეთოდს აშშ-ში უკვე იყენებენ და მისი წარმატების მაჩვენებელი 70-80%-ია. თუმცა ინექცია საკმაოდ ძვირი ღირს. მისი ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.

ავსტრალიელი ექიმი თავის გუნდთან ერთად ამჟამად მუშაობს ისეთი ინექციის შექმნაზე, რომლის ღირებულებაც 1 დოზაზე 10 000$-ს შეადგენს.

მკურნალობის ამ მეთოდით გადარჩენილი სიცოცხლის ნიმუშია 19 წლის ტოდ ო’შეა, რომელიც ლეიკემიით იყო დაავადებული. მას არც ქიმიოთერაპიამ უშველა და არც ძვლის ტვინის გადანერგვამ.

ავსტრალიელი ექიმის მიერ შემუშავებული მკურნალობის მეთოდი სწორედ ლეიკემიის შემთხვევაშია ყველაზე ეფექტური.

ავტორი: მარიამ გიგანი