32 პირს 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა - გენერალური პროკურორის ანგარიში

15:25 05-15-2019

2018 წელს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო დაზარალებულად 32 პირი ცნეს,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ დაახლოებით 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება.

2018 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 14 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მათ შორის ექვსი მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს.

აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ.

ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენი 40 პირის მიმართ გამოიტანეს, რომელთაგანაც 12 ატარებდა პოლიტპატიმრის, 1 კი პოლიტდევნილის სტატუსს.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.