პროკურატურამ 2018 წელს გამოძიება 903 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

15:05 05-15-2019
15

საქართველოს პროკურატურამ, როგორც საგამოძიებო ორგანომ, 2018 წელს გამოძიება დაიწყო 903 სისხლის სამართლის საქმეზე. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„2018 წელს, ისევე როგორც წინა წლებში გამოძიება ძირითადად დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 180-ე (თაღლითობა), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა), 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა), 144 1-ე და 1443-ე (წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა), 194-ე (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია), 126-1261-ე (ძალადობა და ოჯახში ძალადობა), 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით,“ - აღნიშნულია ანგარიშში. 

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.