წერა-კითხვის გამავრცელებული საზოგადოების დაარსებიდან 140 წელი გავიდა

14:02 05-15-2019
18

140 წლის წინ, 1879 წლის 15 მაისს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ დაარსდა.

დამფუძნებელთა შორის დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და დავით კარიჭაშვილი იყვნენ.

საზოგადოების შექმნის იდეა ვიწრო წრეში ჩაისახა, ეს აზრი განსაკუთრებით იოსებ მამაცაშვილის ოჯახში მომწიფდა , სადაც მოწინავე ქართველები იკრიბებოდნენ. წერა-კითხვის საზოგადოების დაარსების იდეა, ქართველ საზოგადოებაში  ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, გლეხობაში სწავლა-განათლებისა და დედა-ენის შეტანის მიზნით გაჩნდა.

საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი სხდომა 1879 წლის 15 მაისს შედგა. პირველ თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, მის მოადგილედ კი ილია ჭავჭავაძე, წევრებად ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი.

საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა ჩამოყალიბდა. გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

საზოგადოებამ 1923 წლამდე იარსება.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა ჩამოყალიბდა. გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა ამჟამად საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.