მეტროს არსებული ვაგონები ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

12:50 05-15-2019
15

დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ 2018-2019  წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები.

„მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი  ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობილია, რომ მეტროში ძალოვანი კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის მოსაწესრიგებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო.