რატომ არ დააფინანსა კულტურის სამინისტრომ კანში გეიფილმის შემოქმედებითი ჯგუფის გამგზავრება

11:02 05-15-2019
582

ფილმ AND THEN WE DANCED-ის პროდიუსერი ქეთი დანელია „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, ამბობს, რომ კულტურის სამინისტროსგან კანში ჯგუფის გასამგზავერებელი თანხა, 2500 ლარი ვერ მიიღეს, რომელზეც ზეპირი შეთანხმება არსებობდა.

სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა, მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე,- ამბობს ქეთი დანელია 

გავრცელებულ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ საქართველოს განათლების სპორტისა და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროში კი ამბობენ, რომ სამგზავრო გრანტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ გასცემს, ვინაიდან ხელოვანთა მობილობის პროგრამა ხორციელდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ საკონკურსო შერჩევის გზით.

„კინოფესტივალზე ხელოვანისთვის სამგზავრო გრანტს გასცემს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრის დაფინანსება. საპროდიუსერო კომპანიამ თეიქს ფილმმა სთხოვა სამინისტროს კიდევ დამატებით გამოეყო 2500 ლარი. ვინაიდან საკითხი ეხებოდა „ა“ კლასის, პრესტიჟულ ფესტივალში ფილმის მონაწილეობის საკითხს, სამინისტრომ თხოვნით მიმართა კინოცენტრს წარმოედგინა დაზუსტებული ინფორმაცია ფილმის ფესტივალში მონაწილეობის და მისი მხრიდან დაფინანსების შესახებ. კინოცენტრმა სამინისტროს მომართა 7 მაისს თხოვნით, განეხილა დამატებითი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა. ფესტივალზე შემოქმედებითი ჯგუფის გასამგზავრებლად დარჩენილი იყო 5 სამუშაო დღე, რაც არასაკმარისია პროექტის დაფინანსების განსახილველად და დადგენილი პროცედურების განსახორციელებლად,- აცხადებენ სამინისტროში. 

ავტორი: თამთა თორდია