59 წელს გადაცილებული პედაგოგები პენსიაზე გასვლის შემთხვევაში 8200 ლარს მიიღებენ

15:56 05-14-2019
2380

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგი გადაწყვეტს სკოლა დატოვოს, ის სახელმწიფოსგან ერთჯერადად 8200 ლარს მიიღებს.

ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისიც განმარტა, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პენსიაზე გასვლისა და კუთვნილი 8200-ლარიანი კომპენსაციის მიღების შემდეგაც რჩებათ უფლება, რომ სკოლის საჭიროების მიხედვით ხელშეკრულებით ისევ დასაქმდნენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც განათლების სფეროს დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს უნდა გაუტოლდეს.

მისივე განცხადებით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს

განათლების სექტორში მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის დახარჯვის ინიციატივას აკრიტიკებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. დეპუტატი აცხადებს, რომ პოპულიზმი და საარჩევნო კამპანიისთვის ციფრებით მანიპულირებაა, რომელიც შედეგზე არაა ორიენტირებული.

ინიციატივას აკრიტიკებს ასევე, მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორი, გია ჟორჟოლიანი. მისი განცხადებით, ბახტაძის ინიციატივა გაუაზრებელი და მიუღწევადია.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი