GOT-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის გადაღებისას 22 ადამიანს ცეცხლი წაუკიდეს

15:17 05-14-2019
491

სამეფო კარის თამაშების მაყურებლებმა 2 დღის წინ, ფინალური სეზონის მეხუთე სერია იხილეს.

უპრეცედენტო მასშტაბის სერიის შესაქმნელად, გადამღებმა ჯგუფმა, მსახიობებმა, რეჟისორმა და პროდუსერებმა უდიდესი ძალისხმევა ჩადეს. 

(არ გააგრძელოთ სტატიის კითხვა, თუ მეხუთე სერია ჯერ არ გაქვთ ნანახი)

ამდენი ცეცხლი და ნგრევა, 8 სეზონის განმავლობაში, ჯამში არ უნახავს მაყურებელს. სრულყოფილი და მაქსიმალურად რეალისტური ეფექტების მისაღწევად, სამეფო კარის თამაშების შემქმნელებმა, თითქმის ყველაფერი რეალური გამოიყენეს. 

შვიდი სამეფოს დედაქალაქის ასაღებად მიმდინარე ბრძოლაში, დრაკონის ცეცხლს არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში კი ეს ციხესიმაგრის კედელთან მდგარი, დაქირავებული სამხედროები იყვნენ. ამ სცენის გადასაღებად, 22 კასკადიორს რეალურად წაუკიდეს ცეცხლი. მათ რამდენიმე ფენა, სპეციალური სამოსი ეცვათ, სახეზე კი სილიკონის ნიღბები ეკეთათ. ცეცხლი კასკადიორებს მთელს სხეულზე წაუკიდეს. ალმოდებული მსახიობების დროულად გადასარჩენად, 22 ადამიანი ცეცხლმაქრით ხელში, სრულ მზადყოფნაში იყო. 

ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი პიტერ დინკლიჯი იხსენებს, რომ დამწვრობის სუნი შემზარავი იყო.

ცეცხლის დიდი ნაწილი, რომელსაც სერიაში ვხედავთ, რეალურია და დრაკონის მიერ გამოფრქვეული ცეცხლოვანი ნაკადის ეფექტი, მცირე თუ ფართომასშტაბიანი აფეთქებებით არის მიღწეული. 

ქალაქის ნგრევის კადრების შესაქმნელად, მწვანე ფონის ნაცვლად, ნამდვილი კედლები გამოიყენეს. პროფესიონალი არქიტექტორის დახმარებით, სამეფო კარის თამაშების ტექნიკურმა ჯგუფმა, შვიდი სამეფოს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა, სადაც მოქმედების ძირითადი ნაწილი ხდება, რეალურად ააშენა. კედლები, აივნები, ფანჯრები, მაღაზიები და ორნამენტები, მაქსიმალურად დეტალურად ააგეს. წინასწარ განსაზღვრეს როგორ დაინგრეოდა თითოეული ნაგებობა, ამიტომ ჯერ დანგრეულ მდგომარეობაში ააშენეს და შემდეგ შენიღბეს. 

მასობრივ სცენებში 600-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. რეალობასთან მაქსიმალური მიახლოებისთვის, დაშავებული მოსახლეობის ნაწილს ისეთი ადამიანები განასახიერებენ, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში კიდურები აქვთ ამპუტირებული. 

გადაღებების ამსახველი დოკუმენტური ჟანრის ვიდეო, თავად სამეფო კარის თამაშების შემქმნელებმა გადაიღეს და სოციალურ მედიაში განათავსეს. 

ფინალურ სეზონში მხოლოდ 1 სერია დარჩა, რომელსაც მაყურებელი 19 მაისს იხილავს.

ავტორი: მარიამ გიგანი