ახალი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის გამო თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

15:06 05-14-2019
2

31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.

კერძოდ, სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ.

მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული.

კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პირველ მაისს, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა „თამბაქოს მოხმარების შესახებ“ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა დახურულ შენობებში, მათ შორის ელ. სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმის (მინიმალური გამონაკლისებით).

2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება. თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.