რატიანი - დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების 10%-ს შეეხება

11:43 05-14-2019
10

ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

„გუშინ განათლების მინისტრმა დააანონსა პედაგოგთა დანამატების ზრდა, რაც არსებულ სიტუაციაში კითხვის ნიშნებს აჩენს და საეჭვოს ხდის აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას. მიმდინარე წლის 7 მაისს კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს.

რამდენიმე წელია ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ახალი მთავრობის ყველა წარდგენის დროს, მოვუწოდებ მთავრობის შემადგენლობას, დაინტერესდნენ განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემით. სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც, ფაქტობრივად, სტატუსთან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს. პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა წლებია ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს საკითხს, რომელიც 26000-მდე პედაგოგისთვის აღადგენს სამართლიანობას - მიეცეთ კუთვნილი ანაზღაურება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მასწავლებელთა სახელფასო მატება, თუკი ასეთი საერთოდ განხორციელდა:

·კვლავ არ გულისხმობს კვალიფიციური პედაგოგების 77%-ისთვის კუთვნილი სახელფასო დანამატის გაცემას

·სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ხელფასის მატება ფორმალური ხასიათის იქნება, რაც გავლენას ვერ მოახდენს პედაგოგთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ნეგატიურად აისახება როგორც  პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც,“- განაცხადა სერგო რატიანმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.