საჭიროა მილიარდი ლარის ქონების პრივატიზება - ეკონომიკის მინისტრი ბენდუქიძისეულ მიდგომაზე ალაპარაკდა

15:32 05-13-2019
149

აპირებს თუ არა ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძის ეკონომიკური ხედვების და მიდგომების გამეორებას. ეს მოსაზრება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბენდუქიძის ყოფილი მოადგილე და დღეს უკვე მინისტრი სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე აქტიურად ალაპარაკდა.

ეკონომიკის ახალი მინისტრი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას სწრაფი ეკონომიკური ზრდის უალტერნატივო გზად მიიჩნევს.  

„ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა” - ეს სიტყვები კახა ბენდუქიძემ ჯერ კიდევ 2004 წელს თქვა. მაშინ და მას შემდეგ ამ მიდგომას არაერთი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა, ფაქტია, რომ ერთი შეხედვით არაპოპულარულმა ნაბიჯებმა ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური განვითარება მართლაც გააჩინა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის იდეას, განსაკუთრებით კი მიწების უცხოელ ინვესტორებზე გასხვისებას წლების განმავლობაში არაერთგვაროვნად უყურებდა ხელისუფლება, რომელსაც დღეს თურნავა წარმოადგენს. პარლამენტმა მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით შეზღუდვებიც დააწესა, რამაც ამ სფეროდან შემოსული სარგებლის მაჩვენებელი შეამცირა კიდეც.

ნათია თურნავას განცხადებით, მისი მინისტრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანა იქნება. მინისტრის განმარტებით არსებული  მონაცემები კარგია, თუმცა არასაკმარისი.

ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ეკონომიკის უფრო სწრაფად განვითარების რეზერვი აქვს და ამის მაგალითია, თუნდაც 1 მილიარდი ლარის სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას ელოდება. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწები და წიაღისეული.

„რა არის ეს რეზერვი?! მარტივად, ეს მაგალითად არის სახელმწიფო ქონება. წინასწარი შეფასებით, 1 მილიარდი ლარის აქტივი, სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება პრივატიზებას. შესაბამისად, ელოდება ინვესტორს. მეორე მხრივ, არის ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორების მხრიდან. მათ უნდათ, რომ სხვადასხვა აქტივი შეიძინონ, ჩადონ ფული, შექმნან სამუშაო ადგილები და აწარმოონ ბიზნესი. ასევე გვაქვს დაახლოებით 1 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. აქედან 300 000 რეგისტრირებული, 525 000 მომზადებული სარეგისტრაციოდ და კიდევ გარკვეული რეზერვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გადაცემა „ფორბსის კვირაში“.

თურნავას განცხადებით, სახელმწიფო სისტემა უნდა მოერგოს ამ მოცემულობას და შეძლოს პრივატიზების დაჩქარება.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი