ოთხი მთავარი თემა რომელიც სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა

15:00 05-13-2019
39

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი თბილისშია. მან უკვე გამართა შეხვედრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ფინანსთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა საერთო პრესკონფერენცია, სადაც მერსედეს ვერ მარტინმა, ფინანსთა მინისტრთან   და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა.  

რა თანხას მიიღებს საქართველო ფონდისგან მიმდინარე წელს?

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის დასრულებამდე 1 წლით ადრე საქართველო სავალუტო ფონდისგან 40 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

რა მოლოდინია ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით?

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი,  რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, მისიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საგარეო რყევები 2019 წლის დაგეგმილ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (4.6%) შეამცირებს.

ფონდის მისიის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებას გამორიცხავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ივანე მაჭავარიანის აზრით, ქვეყანა რეგიონში ამ კუთხით უპირობო ლიდერია.

ივანე მაჭავარიანი: „საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეფორმების ეფექტურობასა და მათ მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას.“

 

მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსი

საერთო ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ სებ-ის მიერ წარმოებული მონეტარული პოლიტიკა პოზიტიურად შეფასდა. 

ამ ფონზე ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას კობა გვენეტაძე ასე ხსნის:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას. განსაკუთრებით საგარეო რისკების არსებობის პირობებში. საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის და მიმდინარე ანგარიში შემდგომი და მდგარდი გაუმჯობესებისათვის.“

 

რა მდგომარეობაა ქვეყანაში საერთაშორისო რეზერვების კუთხით?

კობა გვენეტაძის განმარტებით საერთაშორისო რეზერვების დონე რეკომენდირებულ ნიშნულს ჩამორჩება.

კობა გვენეტაძე: „გრძელდება საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება. არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო იძლევა შესაფერის და კარგ შესაძლებლობას ბუფერების გაძლიერებისათვის და მოწყვლადობების შესამცირებლად.“

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი