„კიდევ კარგი, რომ ქრისტე მოკვდა...“ - გიორგი გაბუნია (ვიდეო)

14:55 05-13-2019
1030

ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ის გადაცემა PS-ის წამყვანმა გუშინდელი გადაცემა 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადების განხილვით დაიწყო, სადაც ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება უამრავ ფულს ხარჯავს ერთი დღის აღსანიშნავად და ეს ფული ბიუჯეტიდან არის აღებული.

„როდესაც ხელისუფლება იწყებს ასე რწმენით სპეკულირებას და ხალხს ამქვეყნიური ხელშეწყობის ნაცვლად, იმქვეყნიურ დახმარებას სთავაზობს, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ის არის უბედური, წარუმატებელი, ღარიბი ქვეყნის ხელისუფლება, სადაც ასე მარტივად შეგიძლია რელიგიით მანიპულირება. როდესაც რეალურს და ხელშესახებს ვერაფერს აკეთებ, შემდეგ იძულებული ხდები ხალხი უხილავი ძალების მოხმობით დააბა. ახლა უკვე შუახანებამდე ჩავაღწიეთ, მალე ქრისტესშობამდე ხანაში გადავალთ, ბოლოს კი არმაზის კერპით შეაშინებენ ხალხს და ასე მიაცემინებენ ხმას თავისი კანდიდატისთვის. საპატრიარქო და ხელისუფლება ხელიხელჩაკიდებული არიან ამ საქმეში და ორივე მხარე საკუთარი ძალის გასამყარებლად ერთნაირად იყენებს ღმერთს და ხალხის რწმენას. კიდევ კარგი, რომ ქრისტე მოკვდა და ვერ ხედავს, როგორ ამცირებთ და ძარცვავთ ადამიანებს მისი სახელით“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ

შეგახსენებთ, რომ 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა.

​მიუხედავად იმისა, რომ 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და ოფიციალურად დასვენებაა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დასვენების დღედ გამოცხადება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

ცნობისთვის, „შრომის კოდექსში“ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.