პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

13:04 05-12-2019
39

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული გ.ლ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.