შსს-მ აჭარაში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა - დაკავებულია 1 პირი

12:50 05-12-2019
19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავა.

დადგინდა, რომ ნ.მ. ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.