აშშ-ის საოცნებო ვიზა „უპრობლემოდ“ - „პრაიმტაიმმა“ თაღლითური სქემა გაშიფრა

15:32 05-10-2019
2669

ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით გაზრდილია.

ხშირად გვსმენია ისტორიები ადამიანებზე, სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრის სურვილით რამდენიმე ათასი აშშ დოლარი, რომ გადაიხადეს და სანაცვლოდ სასურველი ქვეყნის ვიზა მიიღეს.

„გამოსული“ საქმეების, მოტყუებულების, იმედგაცრუებული „წამსვლელების“ შესახებ ისტორიები ბევრია.

ჩვენი რესპონდენტიც სამი წლის წინ იმ პოტენციურ ემიგრანტთა სიაში იყო, რომელიც შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლას გეგმავდა.

ახლობლისგან შეიტყო ერთი ქალის შესახებ, რომელიც თანხის სანაცვლოდ საოცნებო ქვეყნის ვიზას უპრობლემოდ აკეთებდა. გიორგი ცინდელიანმა, ამერიკული ოცნების ასახდენათ, მეგობრის რეკომენდაციით ქეთინო ხავთასს მიაკითხა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგის მამა, დავით ცინდელიანი ამბობს, უკვე სამი წელია, რაც მისი შვილი გადახდილი თანხის ანაზღაურებას უშედეგოდ ცდილობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

დავით ცინდელიანი: „2015 წელს გავიგეთ ჩემი შვილის მეგობრისგან, რომ ერთი ქალბატონი, ფულის სანაცვლოდ აკეთებდა ამერიკის ვიზას. საქმის გამოსვლის უტყუარობაში, რომ ეჭვი არ შეგვპარვოდა, გვითხრა, რომ მისი გაკეთებული ვიზით ერთი ახალგაზრდა, უკვე ამერიკაში იმყოფებოდა. მოგვცეს საკონტაქტო ტელეფონი, დავუკავშირდით ქალბატონ ქეთინო ხავთასს, რომელმაც გვითხრა, რომ 15 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ჩემს შვილს გაუკეთებდა ამერიკის ვიზას. წინასწარ მოითხოვა 3 ათასი აშშ დოლარი, რომელიც ნოტარიული დამოწმებით გადავეცით, მერე კიდევ მოითხოვა თანხა. საბოლოოდ 12 ათასი აშშ დოლარი გადავუხადეთ. ვითომ ვიზაც გაგვიკეთა და გადმოგვცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ვიზა კი არა, ვიზაზე უარის პასუხი იყო. როდესაც გადახდილი თანხის დაბრუნება მოვთხოვეთ, ათასი დოლარი დაგვიბრუნა და გვითხრა, რომ იმ თანხის სანაცვლოდ კანადის ვიზას გაგვიკეთებდა. ბევრი გვატყუა თუ ცოტა, ვერც კანადის ვიზა გაგვიკეთა. თანხის დაბრუნებაზე უარს არ ამბობდა,  თუმცა ათას ტყუილს იგობენდა, ვითომ ხან თანხის ნაწილი უნდა ჩაერიცხა, ხან სად იყო და ხან - სად. 3 ათასი დოლარი როგორღაც მუქარით დავაბრუნებინეთ. ფიზიკურადაც არ გვხდებოდა, ტელეფონსაც ხან პასუხობდა და ხან - არა. ბოლოს, რომ ვერაფერს გავხდით, ანტიკორუფციულ კავშირს მივმართეთ. თან დავემუქრეთ ქალბატონ ქეთინოს რასაც ვაპირებდით. ძალიან გვთხოვდა, ნუ ჩარევთ ნურავისო და 5 ათასი დოლარი დაგვიბრუნა. 4 ათასი დოლარი კიდევ მოსაცემი დარჩა. ბოლოს სამი დღის წინ ვესაუბრეთ და კიდევ ათას სისულელეს იგონებს. როგორც გავიგეთ, ქეთინო ხავთასს ბევრი ადამიანისგან აქვს თანხა აღებული ვიზის სანაცვლოდ და გააცურა“.

ანტიკორუფციული კავშირის დირექტორის გია ბურჯანაძის თქმით, ის აღნიშნულ ქეისს იცნობს და ამბობს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან.

გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე: როდესაც აღნიშნულ ქეის გავეცანი, გავარკვიე, რომ ქალბატონი ქეთინო, ორგანოს ყოფილი თანამშრომელია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს, კიდევ ბევრი დაზარალებული ჰყავს. მე მასთან დაახლოებით რვა თვის წინ მქონდა საუბარი, მან ნამდვილად აღიარა, რომ დავით ცინდელიანის ვალი ჰქონდა და პერიოდულად უნდა გადაეხადა თანხა. ამ დრომდე მას 4 ათასი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ამერიკის ვიზები ასე აღარ კეთდება. ადრე შეიძლება კეთდებოდა, მაგრამ ახლა აღარ. ამ საკითხზე ამერიკის საელჩომაც გააკეთა განცხადება. ნუ მოტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, ვინაიდან ქეთევან ხავთასის მსგავსად ძალიან ბევრი ადამიანი სძალავს მოსახლეობას ფულს ამერიკის ვიზის სანაცვლოდ. პრაქტიკაში ასეთი შემთხვევაც გვქონდა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეს გამოუგზავნეს „ვიზა“, რომელსაც ერთ-ერთი პარფიუმერული ნაწარმის შტრიხკოდი ჰქონდა დატანილი. ასეთ კურიოზულ და წაგებულ მდგომარეობაში, რომ არ აღმოჩნდეთ, გაფრთხილებთ, ნურავის აჩუქებთ, სიმწრით ნაშოვნ ფულს“, - აცხადებს ბურჯანაძე.

„პრაიმტაიმი“ ქეთინო ხავთასს დაუკავშირდა.სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა, პირადად შეგხვდებით და კომენტარს მოგცემთო, თუმცა, „გადაგვაგდო“ - არც რედაქციაში მოვიდა და ჩვენს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს.