იმყოფებოდა თუ არა მორის მაჩალიკაშვილი მაჩხაანის სასაფლაოზე? - მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე მივიდა

15:21 05-10-2019
423

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

სუსში შესვლის წინ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, მათ შორის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მისი ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი სოფელ მაჩხაანის სასაფლაოზე იმყოფებოდა, იქ სადაც სოსო გოგაშვილის ნათესავები არიან დაკრძალულნი. 

„როცა ვნახავ ასეთ კადრებს მერე ვიტყვი. ათასი საქმეა, რატომ იყო, როგორ იყო. მცდელობა თუ იყო, სად იყვნენ აქამდე, დაეჭირათ ფაქტზე. ჩემი ძმისშვილი საფლავზე არ ყოფილა, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ მას მთელი ხელისუფლება ებრძვის. 

„მე არაფერი ჩამიდენია დასაკავებელი. ჩემზე წინ დასაკავებლები აქ სხედან. არ ველოდები, რომ დამაკავებენ, - განაცხადა დაკითხვაზე შესვლის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის, მათ შორის სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს და მაჩხაანის სასაფლაოზე წასვლას სთხოვს.