„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“ - ჩინეთში ნაპოვნი საბჭოთა მედალი ქართული წარწერით

16:30 05-09-2019
521

ჩინეთის ისტორიულ ქალაქ კაშგარში, ძველი ნივთების მაღაზიაში ქართველი ტურისტი საბჭოთა მედალს ქართული წარწერით „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“ შემთხვევით წააწყდა.

კაშგარის ახალ ნაწილში მე-20 საუკუნის ჩინური კომუნისტური ნიშნები - ნაცრისფერი შენობები და 55-მეტრიანი მაო ძე დუნის ქანდაკება ტურისტისთვის აღმოჩენა იყო. ჩინეთის  ძველ დედაქალაქ სიანსა და კონსტანტინოპოლს შორის სავაჭროდ მიმავალი ქარავნები, კაშგარის „ოაზისში“ ხშირად ჩერდებოდნენ და ქალაქის ბაზარში აბრეშუმის გზაზე მიმავალი ვაჭრები იკრიბებოდნენ. დღემდე ეს ბაზარი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და ტურისტებს კაშგარის ჩაითა და სუნელებით იზიდავს. ასე მიიზიდა ჩემი კოლეგა და ამ შემთხვევაში რესპონდენტი - ნინო მარღანია.

ორათასწლოვან ქალაქს ნინო 2017 წელს ეწვია. ცნობილ ბაზარში სიძველეების მაღაზიასთან მოხვდა და შორეულ აღმოსავლეთში თვალი მედალზე დატანილმა მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა ეპიტაფიამ მოჭრა. 

კაშგარში უძველესი ნასახლარებისა და აღმოსავლური ბაზრების საკუთარი თვალით ნახვა მსურდა. მარკო პოლოსდროინდელ ნაქალაქარში დღეს სახელოსნოები, ადგილობრივი ტკბილეულისა და ანტიკური ნივთების მაღაზიებია გახსნილი. ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც უამრავი ანტიკური ნივთი იყო გამოფენილი, ჩვეულებრივზე დიდ ხანს შემოვრჩი. ყველა ნივთს გულდასმით ვათვალიერებდი, როდესაც ხელში რაღაც ნაცნობი და მშობლიური შემრჩა. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამოვიკითხე სიტყვები: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“. სიხარულისგან გამყიდველს მივვარდი, მაგრამ გამყიდველი მხოლოდ დამტვრეული ჩინურით საუბრობდა და ძლივს ამიხსნა, რომ ნივთი გარდაცვლილ ჯარისკაცს ეკუთვნოდა, ვერსია, როგორ შეიძლებოდა ჩინეთში საბჭოთა მედალი მოხვედრილიყო, გამყიდველს პასუხი არ ჰქონდა. ბოლოს მედალი 20 დოლარად მომყიდა“ - ასე იხსენებს ნინო ჩინეთში მოგზაურობას.  

საბჭოთა ლოზუნგი „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“ მარქსმა და ენგელსმა 1857 წელს კომუნისტური კავშირის დევიზად დაამტკიცეს. საქართველო 1921 წელს დაიპყრეს წითლებმა. სავარაუდოდ, ჩინეთში ნაყიდი მედალი 1921 წლის შემდეგ უნდა იყოს დამზადებული... მახსოვს, შსს-ს ინიციატივით გახსნილ ყოფილ საბჭოთა უშიშროების არქივში ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, მეც შემთხვევით გადავაწყდი ჩინეთში გაქცეულ კიკნაძეების წყვილს, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს კაშგარში ნაყიდ მედალთან...

1922 წელს აზნაურმა ვლადიმერ კიკნაძემ გაიტაცა დაქვრივებული, თავისზე უფროსი ასაკის, აზნაური ეკატერინე ალავიძე. ოჯახებს შორის შუღლი ღვიოდა. არცერთი მათგანი არ თმობდა სიყვარულისთვის... წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ იქორწინეს და ხელის შემშლელ ნათესავებს ამ პატარა საქართველოდან დიდ ჩინეთში გაექცნენ. წყვილს გაქცევაში სერგო ორჯონიკიძე დაეხმარა. მათ ჩინეთში ქალიშვილი შეეძინათ. ერთ დროს, ჩემი რესპონდენტი ვლადიმერ კიკნაძის შვილიშვილი, ნინო ბერძნიშვილი იყო. პაპაზე ჰყვებოდა, რომ: „ირიცხებოდა რუსეთის ჯარში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა წმ. გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული ჯილდოდ. მერე როცა ბებია ცოლად მოიყვანა და მანჯურიაში დასახლდნენ. იქ დაიბადა დედა. მაშინ ჩინეთში ქართველების დიდი დიასპორა ყოფილა: გაბუნიები, ჯაფარიძეები, აბაშეძეები. პაპა ძალიან განათლებული და პატრიოტი იყო. ჩინეთში დადიოდა ჩოხა-ახალუხითა და ბოხოხოთ. თარზე უკრავდა და მღეროდა, წერდა სიმღერებსა და ლექსებს. ქართველები რომ იკრიბებოდნენ ასრულებდა თავის შექმნილ ნაწარმოებებს. დედა ამბობდა, ქართველები მატარებლის სადგურზე მოწყობილ საჩაიეში ვიკრიბებოდითო. ისხდნენ და გაყურებდნენ ლიანდაგებს. ზუსტად იცოდნენ, რომ დადგებოდა დღე, როცა საჩაიეს ნაცვლად, ვაგონში დასხდებოდნენ და გამოუყვებოდნენ შორეულ გზას საქართველომდე. ამ ფიქრებსა და ოცნებებში სვამდნენ საყოველთაოდ ცნობილ ჩინურ ჩაის და ქართულ გემოს ატანდნენ. იქმნიდნენ ილუზიას და ერთმანეთს კეთილად ატყუებდნენ რომ იმ კონკრეტულ დღეს საქართველოდან ჩატანილ ქართულ ჩაის გეახლებოდნენ... და დადგა დღე, როცა ჩამოვიდნენ საქართველოში“, - იხსენებდა ოჯახის წარსულს ნინო ბერძენიშვილი.

შსს-ს საარქივო მასალების მიხედვით, ალავიძეს ჩინეთიდან ჩამოსვლის დღესვე 1937 წლის 8 მაისს, 05:00 საათზე სამეულმა მიაკითხა. შინსახკომის ციხის საკანში 2 დღე გააჩერეს, ბრალად ჩინეთის სასარგებლოდ მუშაობა და აგენტურული საქმიანობა წაუყენეს და დახვრიტეს ქონების კონფისკაციით. დაქვრივებული ცოლი და ქალიშვილი დაწესებულების დერეფანში შეასახლეს. 70-იან წლებში ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა და კომპენსაციისთვის თითო ტომარა კარტოფილისა და ხახვის ტალონები მიიღო... 

ვინ იცის იქნებ, 2017 წელს ჩემი კოლეგის, ნინო მარღანიას ნაყიდი მედალი, რომელიმე ემიგრანტ ქართველს ეკუთვნოდა. მართალია, რეალური პატრონის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ ცნობის ნაცვლად, თავად მედალი საქართველოშია...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი