თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა

22:08 05-06-2019
38

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელშიც მმართველი პარტიის კანდიდატი ექსპრემიერი ბინალი ილდირიმი დამარცხდა. არჩევნები გამეორებით ჩატარდება. ამის შესახებ მმართველი პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების“ წარმომადგენელმა რეჯეფ ოზელმა განაცხადა.

მისი განცხადებით, განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღეს.

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიის „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ მერობის კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ 31 მარტის სტამბოლის მერის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48.8 % დააგროვა და 13 729 ხმით აჯობა მმართველი პარტიის კანდიდატს.

იმამოღლუ მერის მოვალეობის შესრულებას 17 აპრილს შეუდგა. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით აპელაცია შეიტანა.