Exclusive „ნინო ჩემზე გაბრაზებული იყო“ - კაბა, რომელიც ანანიაშვილმა დეფილეზე „უპრიმერკოდ“ ჩაიცვა

19:03 05-06-2019
38831

დათუნა სულიკაშვილის ლამაზი კოლექციის ინსპირაცია ნინო ანანიაშვილი იყო. ეს იყო დაუვიწყარი, ზღაპრული დეფილე ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლისთვისაც დიზაინერი თეატრს მადლობას უხდის. „ჩემი კოლექციის ინსპირაცია ნინო იყო. გრიგოლ ვაშაძემ კი თავისი კრეატიული აზროვნებით გამაოცა. ბევრი იდეა მომაწოდეს“ - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ დათუნა. 

კოლექციის კოლაბორაცია მარიამ ნატროშვილისა და D2-ს კომპანია „სად არის მელიასთან“ (აკეთებს სიტყვის კონას) შედგა.  კოლექციის კოსტიუმებზე ეწერა სიტყვები - სიჩუმე, სად ხარ, სიზმარი, ცისკარი, საიდუმლო, ღამე, დრო. ჩვენებას დიზაინერი „საიდუმლოს“ არქმევს.

„ერთ შარფს ეწერა, „გესმის, როგორი ხმა აქვს წვიმას?“ ეს ფრაზა 13 ივნისის სტიქიის დროს გოგონამ თავის ქმარს ჰკითხა, როდესაც ასმენინებდა წვიმის ხმას... ეს გოგონა ამ სატელეფონო ზარის შემდეგ, სტიქიის დროს, დაიღუპა.

- კრისტის კაბას რატომ ეწერა - „სად ხარ?“

დათუნა: - კრისტი ყველაზე მეტად მიყვარს და მუდმივად მაინტერესებს - სად არის. 

- შენი ახალი მუზაა ლიკა რიგვავა, არა? 

- ლიკას ქართველ ქეით მოსს ვუწოდებ. განუმეორებელი, პროფესიონალი და თავისი საქმის მოყვარულია. ლიკამ ის ემოცია ზუსტად გადმოსცა, როგორი ქალიც წარმოაჩინა. ჩემი აღმოჩენა  ასევე იყო ანასტასია დავითსონი.  

დათუნას კოლექცია 80 კოსტუმისგან შედგებოდა, რომელზეც სამი თვე იმუშავა. საბოლოო დეტალები ბოლო ორი კვირის მანძილზე გააკეთა. ეს დათუნას სტილია. 

„ასე ხდება მთელ მსოფლიოში. დიდი სახლების დოკუმენტური ფილმები მინახავს და ჩვენებების წინამოსამზადებელი პროცესი რომ მინახავს, იქაც ბოლოს ამატებენ დეტალებს.“

დათუნას ჩვენებაში ბალერინები მონაწილეობდნენ. „ლიბერტანგოზე“ დადგმული ქორეოგრაფია ნინო ანანიაშვილს ეკუთვნოდა. სწორედ ნინო იყო ფინალის დიდი სიურპრიზი. მისმა გამოსვლამ ულამაზესი კაბით - დეფილეს დაუვიწყარი სანახაობა შექმნა. 

ნინოს დაყოლიება არ გასჭირვებია, პრიმა ბალერინა ადვილად დათანხმებია. ეს ტანდემი ერთი წლის წინ დაიგეგმა. 

„კაბა, რომელიც ნინომ გამოიტანა, „უპრიმერკოდ“ ჩაიცვა. არც უკითხავს, ჩვენებაზე მე რა მაცვიაო. ერთადერთხელ მკითხა, დაახლოებით როგორი კაბა იქნება, რომ იმის მიხედვით განვალაგო ბალერინებიო. კაბა ჩვენების დღეს ერთი საათით ადრე ნახა და მოეწონა“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ დათუნამ.

უამრავი შეფასება მიიღო, უამრავი კომპლიმენტი, აურაცხელი შექება. თუმცა იაპონური „ვოგის“ შეფასება მაინც გამოყო.

„ეს იყო ჩემი გაცილება საქართველოდან და ყოველ წამს მომინდება აქ დაბრუნება“ - წერს ჟურნალისტი. 

- ფოტოს, სადაც ნინოს სხეულზე ხარ შემოხვეული, რა ისტორია აქვს?

- ამერიკაში ქსოვილის ჩამოსატანად ვიყავი წასული, დათქმულ ვადას გადავაცილე და ნინო ჩემზე გაბრაზებული იყო. მე მაპიება ვთხოვე, რომ არ გაბრაზებულიყო. 

- რა გითხრა ამ ჟესტზე?

- არაფერი, ფოტოშიც ჩანს, რომ მეხუტება. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე