მუსლიმთა შეიხი დავით გარეჯის საკითხზე ინიციატივით გამოდის

11:53 05-06-2019
34

საქართველოს მუსლიმთა შეიხი დავით გარეჯის საკითხზე ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელშიც ოფიციალურ პირებთან ერთად საულიერო პირებიც იქნებიან ჩართულები. როგორც შეიხი აცხადებს, კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს ორივე მხარისთვის ამ პრობლების სასიკეთოდ მოგვარებას.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ნაწილი კი აზერბაიჯანის. ამ ორ ქვეყანას შორის ეს პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს. აუცილებელია, შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის და მოხდება დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის“, - ამბობს შეიხი.

მისივე თქმით, განცხადებები, რომლებიც კეთდება ემოციური ფონისგან არის გამოწვეული და ის სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯენელებს რაც გვაწუხებს არის ის განცხადებები, რომლებიც კეთდება და ეს გამოწვეულია ემოციური ფონისგან. მსგავსი სახის განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ეს ზიანს აყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწიან ურთიერთობას. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ. ორივეს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ამის ფონზე ხდება ისეთი პრობლების წამოჭრა, რომელიც სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს. ამიტომ, როდესაც ამ ორ ქვეყანას აქვს მსგავსი სახის გამოწვევები, საქმეში ერთვება მესამე ძალა, რომელიც ამ პრობლემას ფარავს,“ - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხმა რამინ იდიგოვმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღით ჩაკეტვის შემდეგ,  გახსნილია და იქ მსურველებს მისვლა თავისუფლად შეუძლიათ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე