22-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

12:50 05-05-2019
650

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ.

ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გადააბარა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.